სკლეროთერაპია

Medical House აგვ 13,2021

სკლეროთერაპია წარმოადგენს მცირედ ინვაზიურ პროცედურას, რომელიც გამოიყენება ვენური და ლიმფური სისტემის დაავადებების, ასევე სისხლძარღვოვანი ახალწარმონაქმნების მკურნალობისათვის. ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას. ჩნდება სისხლჩაქცევები, რაც იწვევს ქვედა კიდურების სიმძიმეს, რომელსაც თან ერთვის ტკივილი, შეშუპება, ქავილი და წვა.

ვენების ვარიკოზული გაფართოება ძალზედ გავრცელებული დაავადებაა. ამ დროს ზიანდება სხვადასხვა ორგანოების ვენები, მათ შორის საყლაპავის, სასქესო ბაგირაკის და სხვა. შესაბამისად, დაზიანებული სიხლძარღვების ადგილმდებარეობის მიხედვით დაავადებას სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბუასილი, ვარიკოცელე და კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება - პრაქტიკულად ერთი და იგივე დაავადებაა, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება.

რა შეიძლება გახდეს დაავადების მიზეზი?

ვარიკოზის უპირველეს მიზეზად გვევლინება ვენების სარქვლოვანი აპარატის გაუმართავი მუშაობა. ვენები ეს არის სისხლძარღვები, რომლებითაც სისხლი მიედინება გულისაკენ. სისხლის დინება ხდება ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ. ეს ხდება რამდენიმე მექანიზმის წყალობით: არტერიებიდან სისხლის ჭავლის გადმოსროლით (უმნიშვნელო როლი), ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვით (მოქმედებს, როგორც დგუში) და ვენებში არსებული სარქველების მუშაობით, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის ზევიდან ქვევით დინებას. სწორედ ამ სარქველების გაუმართავი მუშაობა იწვევს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რაც საბოლოოდ იწვევს ვენების კედლის ზედმეტად გაჭიმვას. ამის შედეგად სისხლის დინება ხდება ქაოსური, სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში, განსაკუთრებით კანქვეშა ვენებში, წნევა მათში იმდენად იზრდება, რომ სისხლძარღვების კედლები ვეღარ უძლებს და ბუშტის მსგავსად იწყებს გაბერვას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ სიცხლი, მიზიდულობის ძალის საპირისპიროდ მოძრაობს. ვენების დაავადება, ვითარდება ვერტიკალური (ფეხზე მდგარი) ცხოვრების წესის გამო; შესაბამისად, დაავადების განვითარების ყველაზე მეტი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროფესიების გამო (ექიმები, გამყიდველები, დალაქები და სხვ.) დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა. ვენური სარქველების დაზიანების სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი არის მუცლის ღრუში წნევის მომატება. ეს ხდება სიმძიმეების აწევის, ხველების, ცემინების, ქრონიკული შეკრულობის გამო.

ქალებში ვარიკოზული დაავადება შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს, როდესაც თანდათანობით ძლიერდება მზარდი საშვილოსნოს ზეწოლა მუცლის ღრუს ვენებზე, რაც თავის მხრივ აძნელებს სისხლის გადინებას ქვედა კიდურების ვენებიდან. გარდა ამისა, ვენების დაავადება დაკავშირებულია ქალებში ჰორმონალური ფონის შეცვლასთან ორსულობის პერიოდში და ასევე არასწორად შერჩეული ჰორმონალური კონტრაცეპციის წყალობით. და ბოლოს, ვენების ნორმალური მუშაობა ირღვევა ხანდაზმული ასაკის ადამინებში, რაც სავსებით კანონზომიერია.

მკურნალობის ძირითადი მეთოდები

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობა შეიძლება სამი გზით: ქირურგიული ოპერაციის ჩატარებით, სკლეროთერაპიის მეთოდით და მედიკამენტების გამოყენებით.

დაავადების საწყის სტადიაზე, გამოიყენება ვენოტონური საშუალებები სხვადასხვა მალამოებისა და აბების ფორმით. სამწუხაროდ, მკურნალობას შეუძლია მხოლოდ დაამუხრუჭოს დაავადების განვითარება, მაგრამ მისი ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია.

როდესაც ვენები გამოიბერება კანის ზედაპირიდან, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ყოველთვის როდი არის აუცილებელი ოპერაციის ჩატარება. განვითარებულ ქვეყნებში პაციენტთა უმრავლესობას (შემთხვევათა 90%-ში) უტარდება სკლეროთერაპია. ამ პროცედურის არსი მდგომარეობს მასკლეროზირებელი ნივთიერებების, სკლეროზანტების ზემოქმედების შედეგად სისხლძარღვის ფიბროზულ ჭიმად გადაგვარებაში. იგი საშუალებას იძლევა, ამორჩევითად მოცილებული იქნას მხოლოდ ვარიკოზულად შეცვლილი ვენები, ჯანმრთელი უბნების შენარჩუნების ფონზე. ამ დროს ხდება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ქრება შეგუბებითი ცვლილებები, მცირდება ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, კრუნჩხვები, დაღლილობა. თანდათანობით ქრება პიგმენტური ლაქები. განასხვავებენ სკლეროთერაპიის სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა შერჩევა ხდება პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით:

უშუალოდ ვარიკოზული ვენების სკლეროთერაპია;

ექო-სკლეროთერაპია (პრეპარატის შეყვანა ვენის სანათურში წარმოებს ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ);

Foam-form სკლეროთერაპია (სკლეროზანტი სპეციალური მოწყობილობის საშუალებით გარდაიქმნება წვრილდისპერსიულ ქაფად, რომელიც შეჰყავთ საკმაოდ მსხვილი ვენების სანათურში).

სკლეროთერაპიის მეთოდი საკმაოდ ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს კარგ კოსმეტიკურ და სამკურნალო ეფექტს. თუ სახეზეა ტროფიკული წყლულები, ეგზემა, თრომბოფლებიტი, ამ შემთხვევაში ნაჩვენებია კომბინირებული მეთოდიკა (სკლეროთერაპია პლუს ქირურგიული მკურნალობა).

ქირურგიული მკურნალობის დროს ხდება დაზიანებული ვენის მოცილება ქირურგიული მეთოდით. უნდა აღინიშნოს, რომ კანქვეშა ვენების მოცილება ხელს არ უშლის სისხლის დინებას და სავსებით უვნებელია ორგანიზმისათვის. გაფართოებული ზერელე ვენებიდან ნორმაში მიედინება მხოლოდ სისხლის 10%. დანარჩენ დატვირთვას იღებს ქვედა კიდურების ღრმა და ე.წ. შემაერთებელი ვენები. ამიტომაც ეს ვენები ზედაპირული ვენების ფუნქციას ყოველგვარი სირთულის გარეშე აკომპენსირებენ.

გაწუხებთ ვენების გაგანიერება? შეგიძლიათ მოგვმართოთ ნებისმიერი შეკითხვით ან ჩაეწეროთ ჩვენს ანგიოლოგთან. მედიქალ ჰაუსი გისურვებთ ჯანმრთელობას!