საშვილოსნოს ყელის დაავადებების პრევენცია

Medical House მარ 28,2021


საშვილოსნოს ყელის დაავადებები დღეს მსოფლიოში ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

საშვილოსნო ქალის რეპროდუქციული სისტემის უმთავრესი ორგანოა. საშვილოსნო მდებარეობს მუცლის ქვემო ნაწილში, შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის. შედგება ტანისა და ყელისაგან, რომელიც გადადის საშოში. საშვილოსნოს ყელს თავისი განსაკუთრებული როლი აქვს, ის ერთგვარი ბარიერია საშვილოსნოსა და გარემოს შორის.

ნორმალური საშვილოსნოს ყელის სიგრძე 3-4 სმ, დიამეტრი - 2-3 სმ, ხოლო სისქე 1 სმ-ია.

ის შედგება:

  • კუნთოვანი შრისაგან, რომელიც მშობიარობის აქტში იღებს მონაწილეობას;
  • ყელის არხისაგან, რომლის ეპითელიუმი გამოიმუშავებს ლორწოს, რომელიც ბარიერის როლს ასრულებს საშოსა და საშვილოსნოს შორის და ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას საშვილოსნოს ღრუში.

საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებებია:

  • საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული) საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა (გინეკოლოგიური დაავადებების დაახლოებით 10-15%). ეროზია წარმოადგენს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებას. ეროზიის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს: მექანიკური - ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა ხშირი აბორტების, მშობიარობის, ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ხანგრძლივად გამოყენების შედეგად; ჰორმონული - საერთო ჰორმონალური ფონის დარღვევა ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ხშირი გამოყენება; სქესობრივი გზით გადამდები უმკურნალებელი ინფექციები.

საშვილოსნოს ყელის ეროზია შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ნიშნებით:

  • მცირედი სისხლიანი გამონადენი საშოდან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ;
  • ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს;
  • მენსტრუაციის დარღვევა: გახანგრძლივება, ჭარბი გამონადენი;
  • ჩირქოვანი გამონადენი საშოდან (თანმხლები ინფექციის დროს)
  • ლეიკოპლაკია - მოთეთრო ლაქები ყელის ლორწოვან გარსზე, რასაც ეპითელიური უჯრედების გასქელება და “გარქოვანება" იწვევს.
  • პოლიპები - მომრგვალო ფორმის, სხვადასხვა ზომის, გლუვი კონტურების მქონე წანაზარდებია.
  • კონდილომები - საშვილოსნოს ყელის ვირუსული წარმოშობის (ადამიანის პაპილომა-ვირუსი) მეჭეჭები.
  • საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, ანუ კიბოსწინარე დაავადებები - დისპლაზია, ანუ ყელის ლორწოვანი გარსის უჯრედების გადაგვარება ჰქვია ამ უჯრედების არანორმალურ ცვლილებას და გამრავლებას. ითვლება, რომ ამ პროცესებიდან ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ყალიბდება ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო). ამიტომ ასეთ ცვლილებებს “კიბოსწინარე პროცესსაც" უწოდებენ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დისპლაზია ყოველთვის არ გარდაიქმნება სიმსივნედ და ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დროულ დიაგნოზსა და სწორად წარმართულ მკურნალობაზე.
  • საშვილოსნოს ყელის კიბო - დღეს მთელ მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. განვითარებად ქვეყნებში ის ქალების ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა.

ლეიკოპლაკია შეიძლება განვითარდეს:

  • ჰორმონული დარღვევის ფონზე;
  • უმკურნალებელი ანთებადი და ვენერიული დაავადებები;
  • ასაკი 55 წელს ზევით;
  • ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები;
  • ყელზე მექანიკური და ქიმიური ნივთიერებებით (სამკურნალო საშუალებები) ზემოქმედებისშედეგად:
  • სქესობრივი გზით გადამდები უმკურნალებელი ინფექციის ფონზე.

ლეიკოპლაკია, როგორც წესი, მიმდინარეობს უსიმპტომოდ. შეიძლება აღმოჩნდეს გინეკოლოგიური გასინჯვის დროს, საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსზე, უხშირესად ყელის არხში. მათი წარმოშობის მიზეზი ძირითადად უცნობია, თუმცა მის განვითარებას ხელი შეიძლება შეუწყოს ყელზე მექანიკური და ქიმიური ფაქტორების ზემოქმედებამაც.

საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია, გასინჯვა;
  • საშვილოსნოს ყელის არხის ენდოსკოპიური კვლევა (კოლპოსკოპია);
  • საშვილოსნოს ყელიდან აღებული მასალის ლაბორატორიული (ციტოლოგიური) გამოკვლევა;

კიბოსწინარე პროცესი (დისპლაზია) შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი (საშუალო) და მძიმე ხარისხის.

მსოფლიოში ყოველ წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 370 ათასი დიაგნოზი ისმება.

  • საშვილოსნოს კიბო ყველაზე ხშირია 40 წელს ზევით ასაკში, თუმცა არის მისი შემთხვევები 20-30 წლის ასაკის ქალებშიც;
  • საშვილოსნოს ყელის კიბო 20 წლამდე ასაკის ქალებში თითქმის არ გვხვდება;
  • საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დაწყებიდან კიბოს განვითარებამდე საშუალოდ 10-12 წელი გადის;
  • მოსახლეობის მასიურმა პროფილაქტიკურმა გასინჯვებმა მნიშვნელოვნად შეამცირა საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა.

საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებების ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში;
  • აბორტები და მშობიარობა ადრეულ ასაკში;
  • ხშირი აბორტები დამშობიარობა;
  • ბევრი სქესობრივი პარტნიორი;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური აბების ხშირი მიღება.

დღესდღეობით, საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის ძირითად ფაქტორად, და გარკვეულწილად მიზეზადაც, მიიჩნევა:

  • ადამიანის პაპილომის ვირუსის (HPV) ზოგიერთი სახეობა (გენოტიპი);
  • ჰერპესის ვირუსი;
  • ქალის სქესობრივი ცხოვრების თავისებურებანი;
  • სქესობრივი ცხოვრების ადრეულად, 16 წლის ასაკამდე დაწყება;
  • აბორტები და მშობიარობა ადრეულ ასაკში;
  • ხშირი აბორტები და მშობიარობა;
  • ბევრი სქესობრივი პარტნიორის ყოლა;
  • დაუცველი სექსი;
  • თამბაქოს წევა;

საშვილოსნოს ყელის კიბოს ნიშნები შესაძლოა იყოს:

  • "ხორცის ნარეცხის" ფერი გამონადენი საშოდან მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა პერიოდში;
  • სისხლიანი გამონადენი საშოდან სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ;
  • ჩვეულთან შედარებით მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული მენსტრუაცია (7 დღეზემეტი);
  • ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: საერთო სისუსტე, უმადობა, სხეულის წონის კლება, ტემპერატურის მატება და სხვა;
  • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.

ამ ნიშნებიდან ერთის ან თუნდაც რამდენიმეს არსებობა არ ნიშნავს, რომ გაქვთ კიბო. მაგრამ თუ რომელიმე მათგანმა შეგაწუხათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც დაინერგა ქალების საყოველთაო გინეკოლოგიური გასინჯვა (ე. წ. სკრინინგი) და მასიური სპეციალური გამოკვლევები:

  • ქალის პირველი გასინჯვა და გამოკვლევა ხდება პირველი სქესობრივი აქტიდან 1-2 წლისშემდეგ;
  • შემდგომი გასინჯვები ყოველ 2 წელიწადში მეორდება (იმ შემთხვევებშიც, როცა ქალს ჩივილი არ აქვს);
  • გამოკვლევები წყდება 70 წლის ასაკში, თუ ბოლო ორი გამოკვლევით პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლინდა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების პრევენციისთვის აუცილებელია:

  • სქესობრივად გადამდები დაავადებების დროული მკურნალობა;
  • საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებების და დისპლაზიის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესი;
  • ჯანმრთელი კვება (მაგალითად, ბეტა-კაროტინის შემცველი პროდუქტები: მწვანილი, სტაფილო, ციტრუსები, - ამცირებს კიბოს განვითარების რისკს).

გახსოვდეთ, რომ:

საშვილოსნოს ყელის ყველა ავთვისებიანი სიმსივნე არაა დაკავშირებული სქესობრივ ცხოვრებასთან. კიბო შეიძლება განუვითარდეს იმ ქალსაც, რომელსაც მოწესრიგებული სქესობრივი ცხოვრება აქვს. ამიტომ ყველა დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა ექიმის რეგულარული მეთველყურეობა.