ნევროზი - ძირითადი ფორმები და გამოვლინებები

Medical House მაი 06,2021

ნევროზი ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებაა, რომელიც ვითარდება მწვავე ფსიქოლოგიური ტრამვის ან ხანგრძლივი ნერვული დაძაბულობის ფონზე.

ფროიდი თვლიდა, რომ ნევროზის მიზეზი ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის წონასწორობის დარღვევაა. ბავშვობაში გადატანილი ძლიერი სტრესი, რომელიც კომპლექსებს ქმნის ქვეცნობიერში, 30 წელს გადაცილებულ პირებში, ნევროზის მიზეზი ხდება.

მისი მიზეზი შეიძლება ოჯახური კონფლიქტებიც იყოს. მაგალითად, ქალებში განვითარებული ნევროზების 90%, სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული. მამაკაცების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 35%-ია. ბავშებში განვითარებული ნევროზის უმეტესობაც სწორედ ოჯახურ ძალადობასა და კონფლიქტებს უკავშირდება. ამავე დროს, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს არასასიამოვნო და დამთრგუნველი გარემო სკოლასა თუ სამსახურში.

ნევროზის ძირითადი ფორმებია:

  • ნევრასთენია - გაღიზიანებულობა, თვითკრიტიკის დაქვეითება და სხვა.
  • ისტერია - ამ დროს ხდება ნებისმიერი დაავადების სიმულაცია.
  • აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი - ადამიანი ვერ თავისუფლდება აკვიატებული აზრებისგან და უსაფუძვლო შიშებისგან.
  • მოლოდინის ნევროზი - მუდმივად ნეგატიურის მოლოდინი.
  • უსაფუძვლო ფობიები საგნებისა და მოვლენების მიმართ.
  • ლოგონევროზი, იგივე ენაბლუობა.
  • უნებლიე მოძრაობები ან არამოტივირებული ქცევების გადასვლა ჩვევაში.
  • ორგანოთა ნევროზი - ორგანოს დაზიანების სიმულაციური სიმპტომები.

ნევროზის კლინიკური გამოვლინებებია:

  • უმიზეზოდ განვითარებული ემოციური დაძაბულობა
  • უძილობა და უმიზეზოდ განვითარებული მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
  • თავის ტკივილი, რომელსაც არა აქვს ორგანული საფუძველი
  • მეხსიერების დაქვეითება
  • საკუთარ თავში ჩაკეტილობა და გარემოში დეზორიენტაცია
  • დაქვეითებული ან მომატებული თვითშეფასება
  • არასტაბილური ხასიათი და ემოციები
  • მგრძნობელობის მომატება და არაადეკვატური გაღიზიანება ხმაურზე, სინათლეზე, ტემპერატურის ცვლილებაზე.

ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი სხვა მრავალი დაავადების დროსაც შეიძლება განვითარდეს, ამიტომ, ნევროზის დიაგნოზი აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს დასმული. ნევროზის მკურნალობა მოითხოვს პაციენტისა და ექიმის მჭიდრო თანამშრომლობას. თუ პაციენტმა კარგად არ გააანალიზა თავისი მდგომარეობა და არ გაერკვა ავადმყოფობის არსში, პოზიტიური ეფექტის მიღწევა რთულია.

ნევროზის მკურნალობის ძირითადი მეთოდი ფსიქოთერაპიაა. მძიმე შემთხვევებში კი, საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობა. კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით, ჩვენი ექიმები მზად არიან დაგეხმარონ.