კატარაქტა

Medical House ივნ 03,2021

"კატარაქტა" ბერძნული სიტყვაა და "წყალვარდნილს" ნიშნავს. ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ კატარაქტის დროს გუგაზე ზემოდან ქვემოთ წყალვარდნილივით ეშვებოდა ნაცრისფერი აპკი და ადამიანს თვალისჩინს ართმევდა. სინამდვილეში კატარაქტა ბროლის შემღვრევაა. ბროლი არის ორმხრივამოზნექილი ლინზა, რომელსაც სინათლის სხივების გატარება და ბადურაზე საგნების ფოკუსირება აკისრია.

ჯანმრთელი ადამიანის ბროლი გამჭვირვალეა, თავისუფლად ატარებს და გარდატეხს სინათლის სხივს, რის წყალობითაც ადამიანი გარესამყაროს ნორმალურად ხედავს, კატარაქტის დროს კი ბროლის ბიოქიმიური შემადგენლობა იცვლება და ეს ორგანო თანდათან გაუმჭვირვალი ხდება. სინათლის სხივი შემღვრეული ბროლის გავლას ძლივსღა ახერხებს, ამიტომ ადამიანი საგნებს ისე ხედავს, თითქოს დაორთქლილი მინიდან უყურებდეს.

დროთა განმავლობაში მხედველობის სიმახვილე უფრო და უფრო მეტად იკლებს.


ჩვეულებრივ, კატარაქტა ორივე თვალს აზიანებს, მაგრამ არა ერთდროულად. ერთ-ერთი თვალი შესაძლოა რამდენიმე თვით, რამდენიმე წლით ადრეც კი დაავადდეს.
სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, კატარაქტა თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის მთელ მსოფლიოში 40 წელს გადაცილებულთა მესამედს აღენიშნება.


ერთმანეთისგან განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტას. თანდაყოლილი კატარაქტის დროს ბროლის შემღვრევა, წესისამებრ, შემოსაზღვრულია და არ პროგრესირებს, შეძენილ ფორმას კი პროგრესირებადი ხასიათი აქვს.
თანდაყოლილი კატარაქტა ყოველი 10 000 ახალშობილიდან ერთს აღენიშნება. კატარაქტა ხასიათდება თვალის ბროლის დეგენერაციული პროცესით, რომელიც ძირითადად გვხვდება ასაკოვან პირებში, თუმცა შესაძლოა თანდაყოლილიც იყოს. კატარაქტა ვითარდება წლების განმავლობაში, პროგრესირებს ნელა.

კატარაქტის გამომწვევი რისკ-ფაქტორებია:

  • თამბაქოს მოხმარება;
  • თვალის ტრავმა;
  • ალკოჰოლის ხშირი მიღება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ხანგრძლივად სტეროიდული მედიკამენტების გამოყენება.
სიმპტომები:
  • მხედველობის დაქვეითება;
  • მხედველობის ველში შავი წერტილების არსებობა;
  • მხედველობის გაუარესება უპირატესად ღამის საათებში;
  • მხედველობის გაორება დაავადებულ თვალში;
  • მიოპიის განვითარება.
დიაგნოსტიკა: დეტალური ანამნეზის შეკრება, ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა მოიცავს დეგენერაციული ბროლის გამოცვლას ქირურგიული მეთოდით.