თრომბი - სიმპტომები და მისი პრევენცია

Medical House ივლ 07,2021

სისხლი სისხლძარღვებში გარკვეული წნევით გადაადგილდება. ეს პროცესი დამოკიდებულია გულის კუნთის შეკუმშვის უნარზე, სისხლძარღვების ტონუსზე და მასში განვითარებულ წნევაზე, სისხლძარღვების შიდა ზედაპირის მდგომარეობაზე, სისხლის კომპონენტების თავისებურებასა და შედედების უნარზე.

თრომბი არის სისხლის შენადედი, რომელიც ჩნდება სისხლძარღვებში და აფერხებს სისხლის მოძრაობას. თრომბის განვითარების შესაძლებლობა იზრდება:

  • თუ გულის კუნთის ტონუსი დაქვეითებულია და სისიხლი, შესაბამისი სიჩქარით არ მოძრაობს სისიხლძარღვებში
  • თუ სისხლძარღვების ტონუსი და ელასტიურობა დაქვეითებულია რაიმე მიზეზით, სისხლი შესქელებულია ან მომატებულია შედედების უნარი.

თრომბი ხშირ შემთხვევაში დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ, აუცილებელია მისი სიმპტომების დროულად ამოცნობა, რადგანაც იგი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ორგანოში, თითოეულ მათგანს კი - განსხვავებული სიმპტომები გააჩნია.

გულისა და მსხვილი სისხლძარღვების თრომბოზის დროს დამახასიათებელია:

  • ტკივილი გულის არეში
  • არითმია
  • სიკვდილის შიში

ფილტვის სისხლძარღვთა თრომბოზის დროს:

  • ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში
  • სუნთქვის უკმარისობა
  • შესაძლებელია თან ერთვოდეს სისხლიანი ხველა

ნაწლავთა სისხლძარღვების თრომბოზის შემთხვევაში:

  • მწვავე ტკივილი მუცლის არეში
  • ღებინება
  • მუცლის დაჭიმულობა

კიდურების სისხლძარღვთა თრომბოზის დროს:

  • ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ყრუ
  • კოჭლობა
  • კიდურების შეშუპება
  • უსიამოვნო შეგრძნება ბარძაყის შიდა ზედაპირებზე
  • ვენების ამობერვა და რელიეფურობა, ე.წ. ზედაპირული ვენების თრომბოზი. თქვენი ინფორმაციისათვის, ჩვენთან შეგიძლიათ ჩაიტაროთ სკლეროთერაპია, რომელიც წარმოადგენს მცირედ ინვაზიურ პროცედურას და გამოიყენება ვენური და ლიმფური სისტემის დაავადებების, ასევე სისხლძარღვოვანი ახალწარმონაქმნების მკურნალობისათვის.

თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზის შემთხვევაში:

  • ფსიქიკური პროცესების დარღვევა (აღგზნება, მოდუნება, გონების დაკარგვა)
  • თავის ტკივილი
  • სხეულის გარკვეული არეების მგრძნობელობის მოშლა.

იმისთვის, რომ შეამციროთ თრომბის განვითარების საშიშროება:

  • დაკავდით ვარჯიშით

დაუთმეთ სპორტს მინიმუმ 30 წუთი დღეში. სირბილი, ველოსიპედით გასეირნება, ცურვა და ცეკვა საუკეთესო საშუალებებია თრომბის რისკის შესამცირებლად.

  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი

აუცილებელია, მიიღოთ დღეში 1.5-2.5 ლიტრი წყალი.

  • იკვებეთ სწორად

თრომბის თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ ისეთი საკვები, რომელიც სისხლს ათხევადებს. ასეთებია: მწვანე ჩაი, ალუბალი, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები.

თრომბის რაიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში მოგვმართეთ. ჩვენს კლინიკაში შესაბამისი სპეციალისტები გაგიწევენ მკურნალობას.