ალერგია - სიმპტომები და მკურნალობა

Medical House ივნ 09,2021

ალერგიული დაავადებები მთელს მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით კი - განვითარებულ ქვეყნებში. მე-20 საუკუნის დასაწყისში, ალერგიულ დაავადებათა გამოვლინება დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. დღეისთვის კი, მსოფლიო მოსახლეობის 30%-40% ალერგიულია სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ.

ალერგია, ეს არის მომატებული მგრძნობელობა ისეთი ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ არ უნდა იწვევდნენ რამენაირ გართულებებს ადამიანის ორგანიზმში. ალერგიულობა არ არის იმუნური სისტემის სისუსტე, არამედ ამ სისტემის არასწორი მიმართულებით გაძლიერებული ფუნქციონირების შედეგია.

გამოვლინებები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს: ქავილი, გამონაყარი, ცემინება, თვალების გაწითლება, ხველა, სუნთქვის გაძნელება და სხვა.

არსებობს სხვადასხვა დაავადება, რომელსაც საფუძვლად ალერგია უდევს: ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი, ასთმა, ურტიკარია (ჭინჭრის ციება) და ანაფილაქსიური შოკი.

  • ატოპიური დერმატიტი

სიტყვა ,,ატოპია” გენეტიკურად, მემკვიდრულად განპირობებულ ალერგიას ნიშნავს. ეს არის საკმაოდ გავრცელებული კანის დაავადება ბავშვებში, რომელიც ძირითადად გამოხატულია სახეზე, იდაყვსა და მუხლზე. მოზრდილებში ხშირად გვხვდება ხელებზე, ფეხებზე და მხრებზე. სიმპტომები შეიძლება იყოს კანის შესიება, გაწითლება, ქავილი და კანის გასქელება. ეს სერიოზული პათოლოგიაა და მოითხოვს ექიმთან რეგულარულ კონსულტაციას.

  • ალერგიული რინიტი

მოცემული დაავადება შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ალერგიული რინიტი უფრო სეზონური ხასითისაა. ხშირად ვითარდება გაზაფხულსა და შემოდგომის პერიოდში, მისი გამწვავება კი, გარკვეულ მცენარეთა ყვავილობის პერიოდს ემთხვევა.

ქრონიკული ალერგიული რინიტიც გამოწვეულია ან სხვადასხვა მცენარეთა ყვავილის, ან უფრო ხშირად ოთახის მტვრით. რინიტის კლინიკური სურათი გამოხატულია ცხვირიდან თხელი (იშვიათ შემთხვევაში სქელი) გამჭვირვალე, დიდი რაოდენობით გამონადენით ან პერიოდული დახშობით, რომლის დროსაც გართულებულია სუნთქვა. ასევე გამოხატულია ცხვირის ქავილი და ცემინება. პაციენტმა უმჯობესია მკურნალობა დაიწყოს სეზონის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე. ეს უფრო ეფექტურსა და ადვილად მართვადს ხდის დაავადებას.

  • ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

ამ დროს კანი დაფარულია ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოწითალო ან თეთრი ფერის წარმონაქმნებით. ისინი დროის მცირე მონაკვეთში იცვლიან ზომას, ფორმას, ადგილს და ახასიათებთ ქავილი. მისი მკურნალობისთვის აუცილებელია მოხდეს იმ ფაქტორის ნეიტრალიზება, რომელმაც ურტიკარია გამოიწვია. თუმცა, ამის დადგენა საკმაოდ ძნელია. ვისაც ერთხელ უკვე ჰქონდა ეს დაავადება, დიდი შანსია, რომ მკურნალობის შემდეგ კვლავ გაუმეორდეს.

  • ასთმა

ასთმა არის ბრონქების ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც დროებითი ბრონქოსპაზმით და ამ დროს განვითარებული სუნთქვის უკმარისობით, ამოსუნთქვის გაძნელებით, ექსპირატორული (ამოსუნთქვითი) ხმიანობის ქოშინით და ხველით მიმდინარეობს.

ბრონქოსპაზმი (ამოსუნთქვის გაძნელება და ხმაურიანი სუნთქვა) შეიძლება მოიხსნას მედიკამენტოზური ჩარევით, ან სპონტანურად (თავისთავად). ბრონქული ასთმა სხვადასხვა სიმძიმით გამოხატული ნიშნებით მიმდინარეობს - დაწყებული პერიოდული ხველიდან, დამთავრებული უმძიმეს სულის ხუთვამდე. ზოგ შემთხვევაში ეს დაავადება შეიძლება იმდენად მსუბუქად მიმდინარეობდეს, რომ პაციენტი მის არსებობას მრავალის წლის განმავლობაში ვერც კი გრძნობდეს. ხშირია შემთხვევები,როცა ბრონქული ასთმის შეტევა იწყება ხმაურიანი სუნთქვით და ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით.

მოცემული დაავადება, სრული რემისიის პერიოდშიც კი, მოითხოვს ექიმის მეთვალყურეობასა და კონტროლს. აღსანიშნავია, რომ ასთმის დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ადამიანები ცხოვრობენ სრულფასოვანი ცხოვრებით. მაგალითად, ცნობილია, რომ რამდენიმე ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო მომღერალი, დაავადებულია ბრონქული ასთმით, რაც მათ კარიერას ხელს არ უშლის.

  • ანაფილაქსიური შოკი

ეს არის სწრაფად განვითარებადი, სიცოცხლისთვის ძალიან საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც ალერგენთან (ნივთიერება, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს) შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე წუთში, შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა: არტერიული წნევის დაცემა, სასუნთქი გზების შეშუპება, ორგანიზმის ჰაერით მომარაგების დარღვევა და გულის გაჩერება.

ანაფილაქსიურ შოკზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დაურეკოთ სასწრაფო დახმარებას. მის მოსვლამდე პაციენტი უნდა მოათავსოთ ისეთ პოზაში, რომ სუნთქვა გაუადვილდეს. ღებინების შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, რომ ნაღებინები მასა არ მოხვდეს სასუნთქ გზებში. ავადმყოფს ფეხები ჯობია ააწევინოთ მაღლა, რათა გაუმჯობესდეს თავის ტვინის სისხლით მომარაგება.


ალერგიის წარმატებული მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამომწვევი ალერგენების ზუსტ იდენტიფიკაციას. კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.